პარასკევი, 19 სექტემბერი, 2025
2025-09-19 07:35:04
შორენა მარსაგიშვილი
წულუკიანის კომისიის დასკვნას რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ცხინვალი აღფრთოვანებით შეხვდა. ოსური მედია და ოსი პოლიტიკოსები „გამარჯვებას“ ზეიმობენ. ამბობენ, თბილისმა 17 წლის შემდეგ აღიარა, რომ ომი 2008 წელს საქართველომ დაიწყოო. ოსები დარწმუნებული არიან, რომ მალე თბილისი ქართველების მიერ ოსების გენოციდსაც აღიარებს.
რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს წულუკიანის კომისიის დასკვნას საქართველოსთვის? „გაათეთრებენ“ თუ არა რუსეთს, როგორც აგრესორს? რატომ ურჩევნია ოპოზიციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარს კანალიზაციაზე საუბარი? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი შოთა მალაშხია:
_ წულუკიანის კომისიის დასკვნით, ოკუპირებული ცხინვალი კმაყოფილია. ოსები აცხადებენ, რომ თბილისმა როგორც 2008 წლის ომის დაწყება აღიარა, ასევე აღიარებს ქართველების მიერ ოსებისთვის გენოციდის მოწყობასო. თქვენი აზრით, მივა იქამდე საქმე, რომ საქართველომ ოსებისთვის არმოწყობილი გენოციდის მოწყობა აღიაროს?
_ ამ კომისიის დასკვნას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. არც კი მინდა ამას კომისია ვუწოდო, ეს არის რუსული საქმის გაგრძელება. მანქურთები შეიკრიბნენ და რაღაცები დაწერეს. რუსებს რაღაც ინტერესი მაინც აქვთ, ამათი ინტერესი კი მხოლოდ ისაა, რასაც მოსკოვი დაავალებს. ამასთან ერთად, ახლოს უნდა იყვნენ საჭმელთან. მეტი საფიქრალი ამათ არ აქვთ. მათთვის არაფერი არ არსებობს, არც სახელმწიფო, არც სამშობლო. სერგო ორჯონიკიძეც კი ამათზე უკეთესი იყო. ის იდეურად ავადმყოფი იყო, მაგრამ რაღაც ოდეა მაინც ჰქონდა.
ამიტომ ყველას გირჩევთ, ამათ დაწერილ რაღაცებს თავი დავანებოთ და ვისაუბროთ საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე. საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე კი არსებობს ასეთი ტენდენცია: სხვისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის უფლება მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაქვს, თუ იმ ტერიტორიაზე საკუთარ ერს ან სხვა ეთნოსს უწყობენ გენოციდს. ეს ფენომენი არსებობს. ზოგადად, საერთაშორისო სამართლით ტერიტორიული მთლიანობა არის დაცული.
საქართველოსთან მიმართებით გვაქვს ეუთოს დოკუმენტები, სადაც წერია, რომ აფხაზეთში მოხდა ქართველების ეთნოწმენდა. გვაქვს გაეროს რეზოლუციები, სადაც წერია, რომ ძალადობრივად შეიცვალა დემოგრაფიული მდგომარეობა. 2008 წელს, როდესაც რუსები შემოიჭრნენ ცხინვალის რეგიონში, მოსკოვს უნდოდა თავი გაემართლებინა იმით, რომ თითქოს ქართველები ოსებს გენოციდს უწყობდნენ.
_ და ვითომ მათ გადასარჩენად შემოიჭრნენ.
_ ასეთი სურათის დახატვა სურდათ და სურთ. ამ სამართლებრივ ჩარჩოში სურდათ ამ პროცესის მოქცევა. სადღაც 3000-მდე განცხადება გაიგზავნა სტრასბურგში, რომელსაც არცერთი საქმე არ მიჰყვა თან. ის, რომ გენოციდს უწყობდნენ ქართველები ოსებს, ეს სამართლებრივად ვერ დადასტურდა. ეს მაშინაც კი ვერ დადასტურდა, როდესაც მსოფლიო ამ პროცესებს სხვანაირად უყურებდა. და რაკი არ დამტკიცდა, რომ ქართველები ცხინვალში ოსებს გენოციდს უწყობდნენ და ამის გაკეთებას არც არავინ აპირებდა, რუსეთის შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე არის სამხედრო აგრესია. ახლა ხშირად მიდის დავა, 7 აგვისტოს დაიწყო ომი, თუ 8 აგვისტოს. ამას არანაირი აზრი არ აქვს. რუსეთის შემოჭრას საქართველოში არანაირი გამართლება არ ჰქონდა. რუსეთმა ვერ დაამტკიცა, რომ საქართველო ვინმეს გენოციდს უწყობდა, შესაბამისად, მისი ქმედება არის სამხედრო აგრესია, რომელსაც ხანდაზმულობა არ გააჩნია და არის დასჯადი ქმედება. რუსეთი საქართველოში შემოჭრის გამო უნდა დაისაჯოს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როდის მოხდა ეს. სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველომ ომი დაიწყო. ომს საკუთარ ტერიტორიაზე არ იწყებენ. საქართველოს სრული უფლება ჰქონდა, აღედგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა, მათ შორის, ძალითაც. ამის უფლება საქართველოს აქვს, მათ შორის, კონსტიტუციით. აქ სხვა რამე არის მთავარი: საქართველომ 2008 წელს კი არ დაიწყო ომი, არამედ საქართველომ 2006 წლიდან 2008 წლამდე მოახერხა, რომ ომი არ მომხდარიყო. არსებობს პუტნის გამოსვლის ჩანაწერი, სადაც ის ლაპარაკობს, რომ ჩვენ 2006 წელს გვქონდა საქართველოში შეჭრის გენერალური გეგმა. 2006 წელს თუ ეს გეგმა ჰქონდა და 2008 წლამდე საქართველოში ომი არ დაიწყო, ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისი თავისი დიპლომატიური კავშირებით თუ სხვა მეთოდებით ახერხებდა ამ ომის თავიდან აცილებას. საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ომი არ დააწყებინა რუსეთს.
ამის გარდა, არსებობს რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ მედვედევის განცხადება, სადაც ის ლაპარაკობს, რომ რუსი სამშვიდობოები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამყარებდნენ წესრიგს. სამშვიდობოები იდგნენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. ე. ი. ისინი სამშვიდობოები კი არა, აგრესორები იყვნენ, რომლებიც გასცდნენ მათი მოქმედების არეალს.
_ 2008 წელს ლამის მთელ საქართველოს იყვნენ მოდებული ეს ე. წ. სამშვიდობოები. იყვნენ ფოთში, ხაშურში...
_ ბევრგან იყვნენ და ესეც არის დასჯადი ქმედება. ჩვენ ამას ვლაპარაკობთ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და სამართლისთვის. ეს საკითხები უნდა დავაყენოთ მაშინ, როდესაც ამ მანქურთებს ჩავხსნით დღის წესრიგიდან. ძალიან სერიოზული სამართლებრივი ბაზა გვაქვს. დადასტურებულია, რომ რუსების შემოჭრა იყო სამხედრო აგრესია, სამშვიდობოები სინამდვილეში იყვნენ აგრესორები, ომის დაწყება 2006 წელს უნდოდათ და 2008 წლამდე გადმოვიტანეთ. აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართ როგორც ეუთოში, ასევე ევროსაბჭოში ყველგან ჩვენი წინადადებები იყო განხილული. ჩვენ უამრავ რამეს ვთავაზობდით როგორც ცხინვალის რეგიონს, ასევე _ აფხაზეთს. ამ მიმართულებით საქართველოში არ უნდა მოიძებნოს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ საქართველომ ომი დაიწყო. პირიქით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ პროცესები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო. თუ გავითვალისწინებთ მაშინდელ საერთაშორისო კონიუნქტურას, საქართველომ შეუძლებელი შეძლო.
_ მაშინ სამყარო რუსეთს სხვანაირად უყურებდა და ყველა მის მხარეს იყო.
_ მაგას ვლაპარაკობ! ტალიავინის კომისიაში 5 კაციდან 3 წინასწარ ჩვენ საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ იმ კომისიამაც კი ვერ დაწერა საქართველოს საწინააღმდეგოდ ვერაფერი. ის კომისია იყო ფაქტების დამდგენი და მარტო ფაქტებზე უნდა ელაპარაკა. ფაქტების დადგენას თავი ვერ მოაბა და დაიწყო დასკვნების წერა, რომელიც ამ კომისიის ფარგლებს სცდებოდა. ეს კომისია წერს ასეთ რაღაცას: ცხინვალის რეგიონში იყო შეიარაღებული ბანდფორმირებები, ოღონდ ეს იმდენი არ იყო, რომ საქართველოს ამაზე პასუხი გაეცაო. კი მაგრამ, დათვალა ვინმემ, რა რაოდენობის ბანდიტზე უნდა გაეცა თბილისს პასუხი? ფაქტი ისაა, რომ იქ იყო უკანონო შეიარაღებული ფორმირებები.
პუტინი ასევე აღიარებს, რომ მას არ სჯეროდა, ცხინვალის რეგიონში მათ მიერ მომზადებული სამხედრო კონტინგენტი რაიმე წინააღმდეგობას თუ გაუწევდა ქართველებს, მაგრამ ივაჟკაცეს იმათაცო. ეს იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი ქართველებთან საომრად სამხედრო კონტინგენტს ამზადებდა მრავალი წლის განმავლობაში. ეს, სხვათა შორის, საერთაშორისო ნორმის დარღვევაა. ანალოგიური პროცესები მიდიოდა ოკუპირებულ აფხაზეთში. აღადგინეს რკინიგზა, დამატებითი ნაწილები შემოიყვანეს. ეს იყო ნამდვილი სურათი. ეს ყველაფერი ხვალ და ზეგ რეალურად იქნება დასჯადი. ამაზე რუსეთი აუცილებლად აგებს პასუხს. აღსანიშნავია, რომ უკრაინაშიც იგივე ფორმულით შეიჭრნენ რუსები: ამბობდნენ, რომ უკრაინელები რუსულენოვან მოსახლეობას გენოციდს უწყობენო.
აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მედვედევის განცხადებაც. ის პირდაპირ ამბობს, _ ჩვენ საქართველოში რომ არ შევჭრილიყავით, ის ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდებოდაო. კიდევ უამრავი განცხადება არსებობს, რომელიც ცალსახად ამტკიცებს, რომ რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და ომი დაიწყეს მათ. მათი ყველა ეს ქმედება არის დასჯადი!
_ ეს ყველაფერი იმ კომისიის წევრებმაც ხომ იციან, რომლებმაც ოსების აღმაფრთოვანებელი დასკვნა დაწერეს. თქვენი აზრით, რატომ დაიწერა ეს დასკვნა _ „ნაციონალური მოძრაობის“ ასაკრძალად, თუ უფრო იმისთვის, რომ რუსეთის ქმედებები „გაეთეთრებინათ“?
_ ეს გაკეთდა რუსეთის დავალებით. დღეს რუსეთს ყველაგან და ყველა მიმართულებით აქვს პრობლემები. 1939 წელს რუსები ფინეთში იმ საბაბით შეიჭრნენ, რომ თითქოს ფინეთმა რუსეთი დაბომბა. ფინეთს საპირისპიროს დასამტკიცებლად დიდი ხანი დასჭირდა. საიდუმლო დოკუმენტები მხოლოდ 1990-იან წლებში გაიხსნა და მაშინ ითქვა, რომ ფინეთი ვერ დაბომბავდა რუსეთს. ახლა რუსებს თავის გამართლება უნდათ და რომ გამართლდნენ, ომის დაწყება საქართველოს უნდა დააბრალონ. თბილისში ჰყავთ მანქურთები, რომლებიც მათ ნებსიმიერ დავალებას შეასრულებენ. შეასრულეს კიდევაც, მოსკოვისთვის სასარგებლო დასკვნა დაწერეს. ამ დასკვნას არანაირი ფასი არ გააჩნია.
_ რატომ ფიქრობთ, რომ არანაირი ფასი არ ექნება ამ დასკვნას?
_ დუმაში შეიძლება განიხილონ, დანარჩენი მსოფლიოსთვის კი ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი არ არის.
_ დუმასა და იქ მიღებულ გადაწყვეტილებებს დღეს მსოფლიოში ჩალის ფასი აქვს.
_ აბა, სხვაგან არასად წავა ეს დაკვნა. მსოფლიომ არც კი შეიმჩნია ეს კომისია. ბოდიში გამოთქმაზე და ფეხებზე დაიკიდა. მთელმა მსოფლიომ იცის, რისი მაქნისია ეს ხელისუფლება და რატომ აკეთებს ამას. ეს რომ დაასკვნა, ამას განხილვაც არ სჭირდება, იმდენად ნათელია ყველაფერი.
_ გვირჩევთ, რომ არც ჩვენ ჩავაგდოთ არაფრად ეს დასკვნა?
_ აღმაშფოთებელი არის, მაგრამ არანაირი ფასი მას არ გააჩნია. ესენი არიან რუსებზე უარესები. რუსს ინტერესი მაინც აქვს. რუსმა კარგად იცის, რომ დამნაშავეა და მისი დანაშაული რომ „გაპრავდეს“, ამათ დაავალა ასეთი დასკვნის დაწერა. ვიმეორებ, ასეთ რაღაცას სერგო ორჯონიკიძეც კი არ გააკეთებდა. არადა, ხომ წარმოგიდგენიათ, ის რა ნაძირალა იყო.
_ გასაგებია, რომ ყველა ხვდება, თუ რისთვის დაიწერა ეს დასკვნა, მაგრამ მეგონა, რომ საზოგადოებას უფრო მკვეთრი რეაქცია ექნებოდა, ნელ-თბილი პროტესტი იყო მხოლოდ. თქვენ რით ხსნით ხალხის ასეთ დამოკიდებულებას?
_ საზოგადოება შეგუებული იყო, რომ ასეთი რამე დაიწერებოდა. გამაღიზიანებელი და აღმაშფოთებელი მაშინ არის, როცა არ ელოდები, რომ ამას გააკეთებენ. ესენი დიდი ხანი მიდიოდნენ აქეთკენ და ყველა ხვდებოდა, რასაც აპირებდნენ. თავისმა მომხრეებმაც კი კარგად იციან, რომ ესენი რუსები არიან.
_ თავადაც აღარ მალავს ზოგიერთი, რომ რუსეთი მოსწონს.
_ ასეა. ამის გამო „ოცნების“ მომხრეები ზოგიერთი მოღალატეებს ეძახის მათ, ზოგიერთი _ მანქურთებს.
_ აბა, რატომღა უჭერენ მას მხარს?
_ რაღაცნაირად მიბმული არიან ამათზე: ზოგს ხელფასი აქვს, ზოგი რაღაც სიკეთეს იღებს. ძალიან კი ეჯავრებათ „ოცნება“, მაგრამ მაინც მათთან რჩებიან, რა ქნან, ობივატელები არიან.
_ ამ ყველაფრის ფონზე საქართველოში ღიად დაიწყო ევროპის საწინააღმდეგო შავი პიარი. სპეციალური გადაცემებიც კი გადის სამთავრობო მედიით, რასაც არც ოპოზიცია და არც ოპოზიციური მედია არაფერს უპირისპირებს. თქვენი აზრით, რატომ ვერ იცლის ამისთვის ან ერთი ამ მეორე? არავის ინტერესში არ შედის, რომ ხალხს დაანახონ რუსეთის ნამდვილი სახე?
_ წინასაარჩევნოდ ოპოზიცია პატრიოტული თემების წინ წამოწევის ნაცვლად ხელფასის მომატებაზე საუბრობს. არც რუსეთის ნამდვილი სახის წარმოჩენა ხდება. „ლელო“ და გახარია რა არიან, ამას თავი დავანებოთ და ისინიც საარჩევნოდ იგივეს ლაპარაკობენ. ამ მიდგომით შარშან არჩევნები ხომ წააგეს, გააყალბა ხელისუფლებამ. ახლაც იგივე ხდება. ყველაფრის გამეორება ხომ არ შეიძლება?! თუ მაინცდამაინც არჩევნებში ჩაებმებოდი და პრესა და ტელევიზია გჭირდებოდა ყურადღების მისაქცევად, ამათზე გელეპარაკათ, გეთქვათ, რა გააკეთეს. ხელისუფლება მაინც გემხლათ, თუ არჩევნებში მიიღებდით მონაწილეობას და არა იმაზე გელაპარაკათ, რომ კანალიზაციას გავიყვანთ და წყალს შემოგიყვანთო. ოპოზიციაც და ოპოზიციური ტელევიზიებიც ცდილობენ, რომ მარტივი თემებით გაძვრნენ და პასუხობენ ხელისუფლების რეაქციას.
დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ რა გააკეთა წულუკიანის კომისიამ. ამაზე ლაპარაკს სჯობდა, ოპოზიციას ესაუბრა იმაზე, თუ რა დააშავა რუსეთმა საქართველოში და რა საფასური უნდა გადაიხადოს ამის სანაცვლოდ. ამაზე ბევრი ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ, რატომღაც, არ უნდათ.
_ რატომ არ უნდათ?
_ ვერ გეტყვით, რატომ არ უნდათ. არადა, ეს სალაპარაკოა. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად დასცინიან წინა ხელისუფლებას, 5 დღეში წააგეს ომიო. იცით, რომ რუსებმა დღე-ნახევარში აიღეს ბალტიისპირეთი მთლიანად და რა, _ ამის გამო სამარცხვინო ხალხია ბალტიისპირელები? არანაირად!
_ ძალიან ღირსეული ხალხია. ლიეტუველებს პოლონელებთან ერთად მოსკოვი აქვთ აღებული.
_ 5 დღეში ომის წაგება რომ არაფერს ნიშნავს, ამიტომ უნდა იყოს ასეთ თემებზე საუბარი. ავღანეთში შეჭრის დროს სულ 43 წუთი მიდიოდა ოპერაცია. ოპოზიციური მედია და ოპოზიცია გამუდმებით უნდა აჩვენებდეს ჩვენს მოსახლეობას, თუ რა მოაქვს რუსეთს. მაგალითისთვის ავიღოთ ბალტიისპირეთი და ფინეთი. უნდა აჩვენონ, რა ხდება ამ ქვეყნებში და რა ხდება იმ ტერიტორიებზე, რომელიც მათ რუსეთმა წაართვა და ახლა იქ რუსეთის იურისდიქცია ვრცელდება. უზარმაზარ განსხვავებას დაინახავთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის გაკეთება არ სურთ ოპოზიციურ ტელევიზიებს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის უკრაინაში ქართველი ბიჭები იხოცებიან. რამე პრობლემა იყო, თითოეულ მათგანზე 5-წუთიანი სიუჟეტი მოემზადებინათ? არ დაიმსახურეს ამ ბიჭებმა? თუ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული? ყველა ტელევიზიას აქვს ამის საშუალება. ამის გაკეთება ოპოზიციასაც შეეძლო.
_ ტელევიზიით თუ არა, სოციალურ ქსელებში შეიძლებოდა ამის გაკეთება.
_ როგორ არ შეიძლებოდა. ტელევიზიითაც მარტივად შეიძლებოდა, ეს ძვირი არ ღირს. გმირებზე უნდა კეთდებოდეს სიუჟეტები, ვინც ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვის ან იბრძოოდა. ამ თემით დაიფარებოდა ყველა თემა, მაგრამ, რატომღაც, არ უნდათ. აი, ამ ტალღაზე უნდა მიდიოდეს საარჩევნოდ ლაპარაკი და არა იმაზე, რომ წყალს გავიყვანთ და პენსიას მოგიმატებთ. ჯერ რას ნიშნავს, პენსიას მომიმატებ? ბიუჯეტში ფული თუ იქნება, ბუნებრივად გაიზრდება პენსია. ახლა ამათ უნდა დამამადლონ პენსიის გაზრდა.
_ პენსიის გაზრდა ვერავინ უნდა დაიბრალოს, ეს ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით ხდება.
_ რა თქმა უნდა, ხალხის ფულია. ამიტომ სხვანაირად არის კამპანიის წარმოება საჭირო. მერე რომ გაიძახიან, სად არის ხალხი და სად არის საზოგადოებაო? არ უნდა გაუკვირდეთ, ხალხი თუ არ დაუდგება გვერდით. სწორად თუ წარიმართება ყველაფერი და სწორ თემებს წამოწევენ, მაშინ ხალხი მათ გვერდით დადგება.
„ქართული ოცნება“ წლებია, ხალხს აჯერებს, რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით, ომი დაიწყებაო. ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიას ამის საწინააღმდეგოდ უნდა ემუშავა. ხალხისთვის თავისუფლად შეიძლებოდა იმის დამტკიცება, რომ ომი არავის უნდა. ამის მაგალითად იგივე 2008 წლის ომი გამოდგება. აბა, ერთ გვითხრას ვინმემ, რომელმა სახელმწიფომ აიცილა ორი წლით ომი, როგორც ეს საქართველომ გააკეთა? ფინეთმა აიცილა? ბალტიისპირეთმა აიცილა? ავღანეთმა აიცილა? პოლონეთმა აიცილა? იაპონიამ აიცილა? ესენი ხომ შეიძლება, ხალხს აუხსნა. ხომ შეიძლება, გამოიტანონ პუტინის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში შეჭრას 2006 წელს აპირებდა. მაგრამ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ომი როგორმე გადაევადებინა. ამ თემაზე ხომ შეიძლება საუბარი? ამ თემაზე ლაპარაკი ფული ხომ არ ჯდება?
_ ეთერებში სხედან ოპოზიციონერები 24 საათი და ამაზე მართლა არავინ იღებს ხმას.
_ რამდენიმე წუთი დაუთმონ ამაზე საუბარს, ხალხის ცნობიერების ასამაღლებლად ესეც საკმარისია. უამრავი მაგალითია იმის დასანახვებლად, თუ რას წარმოადგენს რუსეთი. პუტინისადა მედვედევის საჯაროდ გაკეთებული რამდენიმე განცხადებაც საკმარისია. თუ ამის მოძებნაც გეზარებათ, არის მომზადებული დოკუმენტური ფილმები და იქიდან გამოიყენეთ მასალები. ეს ფილმები ჩვენ მოვამზადეთ და ამაში ფულს არავინ ითხოვს. მთავარია ილაპარაკე და დაანახე ხალხს, რას წარმოადგენს რუსეთი და რა დაუშავა მან საქართველოს.
_ ისე ცოტა მიკვირს, თქვენ რომ არ გიწვევენ ამ თემების შესახებ სასაუბროდ. წლები მუშაობდით პარლამენტში აფხაზეთისა და ცხინვალის თემაზე. უამრავი მასალა გაქვთ.
_ არ ვითხოვ, რომ მიმიწვიონ. თავად ილაპარაკონ. ეს ფილმები იმიტომ გავაკეთეთ, რომ ქვეყანას სჭირდებოდა. საერთაშორისო სამართალზე ორი წიგნი იმიტომ დავწერეთ, რომ საჭირო იყო. ვისაუბრეთ საერთაშორისო სასამართლოებში, რომელი საკითხები უნდა წავიღოთ და რა როგორ გავაკეთოთ. ჩვენი რესურსებით მაშინ იმდენი რამე გაკეთდა, რომ წარმოუდგენელია. მონდომება იყო და გაკეთდა. ახლა ამის გაკეთება არავის უნდა და არც მზა მასალას იყენებენ. არა უშავს, ეს ყველაფერი მაინც ამოტივტივდება. აქ ყველაფერი შეიცვლება და რუსეთიც ყველაფერზე აგებს პასუხს.
_ ეს რომ მოხდეს, ოპოზიციამაც უნდა მოინდომოს. მარტო ხელისუფლების კრიტიკა საკმარისი არ არის.
_ გეთანხმებით. ოღონდ ოპოზიციამ კი არ უნდა მოინდომოს, ოპოზიციამ დღის წესრიგი უნდა შექმნას. ხელისუფლება რომ უვარგისი და მანქურთია, ყველამ იცის. ოპოზიციამ ის უნდა თქვას, რას აპირებს და როგორ უყურებს საქართველოს მოსახლეობას და რას აკეთებს მათთან ერთად. უნდა თქვან, როგორ უყურებენ საქართველოს პერსპექტივას კავკასიის მასშტაბით. რელიგიის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზეც უნდა იყოს საუბარი. ძალიან ბევრი საკითხია, მაგრამ არ ლაპარაკობენ. ხელისუფლებას ლანძღავენ მარტო და ეს ჰგონიათ საკმარისი. ხალხს უნდა აჩვენო თუ რას წარმოადგენს რუსეთი და ის აუხსნა, რომ ომი სწორედ რუსეთს უნდა და არა დასავლეთს.