პარასკევი, 19 სექტემბერი, 2025
2025-09-19 07:23:32
შორენა მარსაგიშვილი
„ქართულ ოცნებაში“ დიდი შიდა ომია ატეხილი. უკვე დაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრად მიიჩნევა. ამბობენ, რომ შესაძლოა, ისიც დააკავონ. ამაზე უკვე თავად „ოცნების“ წევრები მიანიშნებენ. სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილი მესამედ დააბრუნოს პრემიერის პოსტზე.
რა ხდება „ოცნების“ კულუარებში? რატომ ვერ სარგებლობს ოპოზიცია ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირებით? რისთვის იბრძვის კახა კალაძე? რა პრობლემები აქვს ბიძინა ივანიშვილს და ყველაზე მეტად რისი ეშინია მას? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება კახა მიქაია:
_ ბატონო კახა, ოპოზიციონერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავება უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა, მაგრამ ბოლო დროს „ოცნება“ თავისიანებსაც დაერია. დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. ირაკლი კობახიძე პარტიიდან გაგდებულებზე ალაპარაკდა და მათ ღიად დაემუქრა. თქვენი აზრით, რა ხდება ივანიშვილის პარტიაში?
_ ეს არის ოლიგარქიული პირამიდის ჩვეულებრივი ამბავი. ოლიგარქის აშენებული პირამიდა, როგორც წესი, ნელ-ნელა იშლება და საბოლოოდ ჩამოიქცევა. ჯერჯერობით ამ პირამიდის სათავეში არის ბიძინა ივანიშვილი. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ირაკლი კობახიძეს შეუძლია ბიძინასთან დაპირისპირება.
_ ასეთი ვერსიაც განიხილება?
_ უამრავი ვერსია განიხილება. მათ შორის ისიც, რომ კახა კალაძე დამოუკიდებლად ეძებს რუსეთთან კავშირებს. ეს ყველაფერი არის ტყუილი. ჯერჯერობით პირამიდის თავზე დგას ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი „შპარგალკებით“ მართავს ქვეყანას.
_ ვისი „შპარგალკებით“ მართავს?
_ კრემლის „შპარგალკებით“ იმართება ქვეყანა. ამ დროს ოლიგარქიულ პირამიდაში მიდის შიდა დაპირისპირება. ეს მოსალოდნელიც იყო. ალბათ ყველას გახსოვთ ირაკლი ღარიბაშვილის ცნობილი ფრაზა: „ფარდას ჩამოვხსნი ყველაფერს“.
_ გვახსოვს, როგორ არ გვახსოვს.
_ ჰოდა, ამ ღარიბაშვილმა ეს ფარდა ვერ ჩამოხსნა. ის დარჩა გარეთ. ახლა ყოფილ პრემიერს ირაკლი კობახიძე ემუქრება დაჭერით. სინამდვილეში, მას სხვა ემუქრება.
_ ვინ სხვა?
_ ბიძინა ივანიშვილი. ბიძინამ ამათ, თავის დროზე, ყველას მისცა იმის უფლება, ფული ეკეთებინათ. ამასთან, მოითხოვა, ყველას ეთქვა, თუ რა მიმართულებით წავა ეს ფული. ივანიშვილს ეშინოდა და ეშინია, რომ ეს ფული შესაძლოა, მის წინააღმდეგ წავიდეს. შიშები, პანიკები და ეჭვიანობა ეს ოლიგარქიული სისტემის თვისებაა. ეს თვისება ივანიშვილსაც ახასიათებს. ის არის ძალიან ეჭვიანი ადამიანი. მას ყველას მიმართ აქვს ეჭვები. განსაკუთრებით ახლა, როცა მან დიდი ფული დაკარგა. მისი ფული არის დაყადაღებული. ივანიშვილს თავად აქვს ნათქვამი, რომ მისთვის მთავარია ფული. მან დაკარგა ფული და შეიძლება ითქვას, რომ გადაეკეტა. ახლა მას გადაკეტილი აქვს.
_ ამის გამო სიტუაცია ხომ არ გაექცა ხელიდან და ხომ არ სარგებლობს მისი გარემოცვა ამით?
_ მასთან მიაქვთ უამრავი ამბავი, ზოგი მართალი, ზოგი ჭორი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ახლა სრულ იზოლაციაშია და ფულის დაკარგვის გამო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მაინც ის მართავს სიტუაციას.
_ ამბობენ, რომ კობახიძემ გადაიბარა ნელ-ნელა მართვა.
_ ირაკლი კობახიძე არ არის ქვეყნის მმართველი. სულ სხვა მოვლენაა კახა კალაძე.
_ რატომ არის კალაძე სხვა მოვლენა? ზემოთაც თქვით, რომ მასზე ვრცელდება ხმები, რუსეთთან დამოუკიდებლად ეძებს კავშირებსო.
_ კალაძე იმიტომ არის ცალკე თემა, რომ მას ძალიან უნდა პრემიერობა. ბევრი რამ გააკეთა ამისთვის, მაგრამ ვერაფრით დაიკავა სასურველი თანამდებობა.
_ კალაძეს პრემიერობა ლამის 2013 წლიდან უნდა, როცა ივანიშვილი გადადგა მთავრობის მეთაურის პოსტიდან.
_ კი ბატონო, მაგრამ კალაძეს ეყო ჭკუა, რომ ამ თანამდებობისთვის ბრძოლაში არ დაპირისპირებოდა ისეთ ხალხს, ვისთანაც წააგებდა.
_ ვისთან წააგებდა ბრძოლას?
_ ირაკლი კობახიძესთან. კალაძემ არ გარისკა მასთან დაპირისპირება, რათა მასთან დამარცხების შემდეგ უკმაყოფილება არ გამოემჟღავნებინა. ეს უკმაყოფილება მაინც ჩანს, მაგრამ კალაძე ბოლომდე ვერ უქაჩავს კობახიძეს. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ სწორედ კალაძის გასაჩერებლად და დასაბალანსებლად გააძლიერა ივანიშვილმა კობახიძის კლანი.
_ არ ეშინია კობახიძის გაძლიერებული კლანის? თავად თქვით, რომ ივანიშვილი ეჭვიანია.
_ ივანიშვილი კობახიძის კლანს თავიდან ბოლომდე აკონტროლებს და ამით აკონტროლებს კახა კალაძესაც. „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე ამბიციური და მავნე არის კალაძე.
_ ზოგიერთი ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძეა ყველაზე ამბიციური.
_ კალაძე ბევრად უფრო ამბიციურია, ვიდრე ირაკლი კობახიძე.
_ ირაკლი კობახიძეს ასე რატომ ენდობა ივანიშვილი? ზემოთ ჭორები ახსენეთ და როგორც ამბობენ, მასთან ძირითადად კობახიძეს მიაქვს ამბები.
_ მარტო ირაკლი კობახიძე არა, ივანიშვილთან ამბები მიაქვს მამუკა მდინარაძესაც. შეიძლება ვცდები, მაგრამ ასეთი აზრი მაქვს, რომ რაზედაც ირაკლი კობახიძემ ივანიშვილს მოუწერა ხელი, იმაზე ხელს არ მოაწერდა არც ღარიბაშვილი და არც კალაძე. ეს ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია.
_ იმაზე მეტზე, რაზეც ღარიბაშვილი მიდიოდა?
_ კი. ყველაზე მთავარი აქ არის რუსეთის ფაქტორი. აქ ხომ ყველაფერს რუსეთი წყვეტს. ირაკლი კობახიძე არის რუსეთის არჩევანი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით. გუნდში ყველაზე დამყოლი აღმოჩნდა კობახიძე და მისი კლანი.
_ ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე რას ფიქრობთ? არის მოსაზრება, რომ ამით ირაკლი ღარიბაშვილი გააფრთხილეს. იყო ჭორები, რომ ლევან ხაბეიშვილს „ოცნების“ შიგნით მიმდინარე ამბებზე ინფორმაციას აწვდიდა ღარიბაშვილი და მისი გუნდი.
_ თქვენ როგორ ფიქრობთ, კობახიძის კლანი არ მიაწვდიდა ხაბეიშვილს ინფორმაციებს ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ? ამის მსხვერპლი აღმოჩნდა ჯუანშერი. მერე არის მისი სიბრყვე, ისეთ რამეებს აკეთებდა. მოკლედ, ადამიანი გაწირეს. ეს არის ბრძოლა კლანებს შორის. ახლა გადაწყვეტილია ღარიბაშვილის კლანის დასუსტება. ისე უნდა დასუსტდეს ეს კლანი, რომ კობახიძის კლანს ვეღარასდროს გაუწიოს წინააღმდეგობა. ამას ყველაფერს აკონტროლებს და საქმის კურსშია ბიძინა ივანიშვილი. ეს თამაში არის ივანიშვილის თამაში. ახლა მისი არჩევანი არის ირაკლი კობახიძე, მერე რა იქნება, არავინ იცის. არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინამ კიდევ ერთხელ დააბრუნოს ღარიბაშვილი პრემიერად.
_ ეს რეალურია ამ ყველაფრის შემდეგ?
_ პირველად რომ გააგდო პრემიერობიდან, ამაზე ნაკლები შავი პიარი კი არ აუგორეს? მაგრამ მერე მაინც დააბრუნა. არც ახლა გამოვრიცხავ მის დაბრუნებას. ესენი ყველანი არიან ოლიგარქის მარიონეტები და ივანიშვილი მათ რუსეთთან შეთანხმებით გადააადგილებს და გადმოაადგილებს. ყველაფერი არის დამოკიდებული ბიძინაზე. ყველა უფრთხილდება საკუთარ ტყავს და საკუთარ ფინანსებს.
_ გომელაურსა და ლილუაშვილს რატომ შემოსწყრა? გომელაური ხომ მისი პირადი დაცვა და ყველაზე ერთგული კაცი იყო?
_ გომელაურსა და „ხარებას“ ივანიშვილმა ძალიან ბევრი ბინძური საქმე გააკეთებინა. მერე დააჯილდოვა და გაუშვა. მათ შემთხვევაში ძალიან მძიმედ იყო საქმე. ერთიც და მეორეც მოხვდნენ მაგნიტსკის სიაში. ივანიშვილი რუსეთის კაცი კი არის, მაგრამ დასავლეთთან მთლად არ უნდა კავშირების გაწყვეტა. და არ უნდოდა, რომ გვერდით ჰყოლოდა დასანქცირებული ხალხი. არ დაიჯეროთ, როცა ამბობენ, ივანიშვილს სანქციების არ ეშინიაო. ყველაზე მეტად სანქციების ეშინია. და როცა მის ხელისუფლებაში ორი კაცი მოხვდა მაგნიტსკის სიაში, ეს მისთვის ძალიან ცუდი იყო. ამიტომ ადგა და გაწირა ეს ადამიანები. არადა, გომელაური მისი ყველაზე ერთგული ადამიანი იყო. მისთვის გააკეთა ეს ბინძური საქმეები და ივანიშვილმა შემდეგ ის მოისროლა.
_ კობახიძე რატომ არ ფიქრობს იმაზე, რომ ერთ დღეს შესაძლოა, ივანიშვილმა ისიც ისევე გაწიროს, როგორც გომელაური?
_ როგორ არ ფიქრობს ამაზე კობახიძე, მაგრამ რა ქნას? ისეთ სპირალშია შესული, რომ იქიდან ვერაფრით გამოვა. ისევე ვერ გამოვა კალაძე. კობახიძემ ამ სპირალიდან გამოსვლა რომ დააპიროს, ივანიშვილი ეგრევე დაიჭერს. ასეთ სპირალში არ უნდა შეხვიდე. ყველამ უნდა იცოდეს, რომ იქიდან გამოსვლა არის ძალიან რთული.
_ პაპუაშვილის როლი როგორია ამ ამბებში? ის ვისკენ არის: კობახიძისკენ, თუ კალაძისკენ?
_ პაპუაშვილი არის თავისთვის. მას არავინ არაფერს ეკითხება. უბრალოდ, დაახლოებულია კობახიძესთან. ეს არის და ეს.
_ ხელისუფლებაზე ვისაუბრეთ და ოპოზიციაზეც მაინტერესებს თქვენი აზრი. შეძლებენ ხელისუფლების შეცვლას? რევოლუციის მოწყობას არ ვამბობ, რევოლუციას თან მძიმე შედეგები მოსდევს ხოლმე და ამის მაგალითია ნეპალში რაც მოხდა.
_ რევოლუციას ასე შიშით არ ვუყურებ. რევოლუციური სიტუაცია თუ შეიქმნა, ის მოხდება, მაგრამ ჯერ ასეთი სიტუაცია შექმნილი არ არის. ეს შეიძლება ისე უცბად მოხდეს, რომ ვერავინ წარმოიდგინოს. შეასაძლოა კიდევ გაგრძელდეს. როდესაც სხვა საშველი აღარ არის, მაშინ ახდენს ხალხი რევოლუციას. ხალხს რომ რევოლუციის უფლება აქვს, ეს კონსტიტუციაშიც წერია.
ოპოზიციას რაც შეეხება, არ მინდა, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიცია კიდევ ვაძაგო. ახლა არ არის ოპოზიციის ძაგების დრო, თორემ ბევრი რამე შემიძლია ვთქვა ოპოზიციაზე და რაღაცებს ვიტყვი კიდევაც. აქციაზე ერთ დღეს გამოვიდა 200 000 ადამიანი. ეს იყო საერთო-სახალხო პროტესტი. ეს საერთო-სახალხო პროტესტი ოპოზიციურმა სპექტრმა ვერ გადაზარდა პოლიტიკურ პროცესში. და მივიღეთ დღევანდელი მდგომარეობა. არ მახსოვს, ამდენი ხალხი ყოფილიყო მიტინგზე და იმ მიტინგზე არ ყოფილიყო ტრიბუნა.
_ თითქმის ყველა მიტინგზე იყო ტრიბუნა.
_ ახლა არ არის ტრიბუნა. ამდენი ხალხი დგას და არავინ არაფერს არ ლაპარაკობს. ვერც იმას გამახსენებს ვინმე, რომ საზოგადოებას პოლიტიკური ლიდერები ტრიბუნასთან არ მიუშვია. უნდა დაისვას კითხვა: რატომ? ეს კითხვა ოპოზიციამ უნდა დაუსვას საკუთარ თავს.
_ თქვენი აზრით, რატომ მოხდა ასე?
_ ეს ოპოზიციამ უნდა გააანალიზოს. მიტინგი და ხალხი პოლიტიკური შემადგენლის გარეშე ვერ შეცვლის ხელისუფლებას. მნიშვნელობა არ აქვს, ეს არჩევნები იქნება, თუ რევოლუცია. ხალხის მხარდაჭერით პოლიტიკოსები და პოლიტიკური ლიდერი ცვლის ხელისუფლებას. სად იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, როცა ამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში? და ამიტომაც დარჩა საზოგადოებრივი პროტესტის ფარგლებში ეს პროტესტი.
პოლიტიკოსებს რა მოუვიდათ, იცით? ჯერ ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ, როგორ წარემართათ ეს პროცესი, ერთი ერთს ამბობდა, მეორე _ მეორეს. და ყველაზე მთავარი: არცერთმა არ დასვა კითხვა, რატომ არ აგვიშვა ამ ხალხმა ტრიბუნაზე? ამის გამო პოლიტიკოსები საკუთარ თავზე კი არ გაბრაზდნენ, არამედ პროცესს გაუბრაზდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ხალხზე გაბრაზდნენ. არ მინდა, რომ კიდევ გავაგრძელო ეს კრიტიკა, ძალიან შორს შეიძლება წავიდე და ამ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციის კრიტიკა აღარ მსურს.
მე დღეს ისეთ ხალხთან ერთად ვდგავარ აქციებზე, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში საერთოდ არ ველაპარაკებოდი. „ნაციონალებთან“ ერთად ხომ ვდგავარ და მხედრიონელებთან ერთადაც კი დავდექი.
_ მხედრიონელებთან ერთადაც დადექით? ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
_ ერთხელ ბექა ყორშია შემხვდა და მითხრა, მიშისტები გასაგებია, მაგრამ მხედრიონელებთან ერთად ერთ კვადრატში თუ დადგებოდი, ვერ წარმოვიდგენდიო. ეს მოიტანა პროცესმა.
_ არ არის რთული ძალიან მწარედ დაპირისპირებულ მხარესთან ერთად ერთ კვადრატში დადგომა?
_ რთულია, მაგრამ ჩემთვის ახლა პრიორიტეტი არის საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენა. კარგად იცი, რა მწარედ ვებრძოდი შევარდნაძეს, ასევე მამასისხლად ვიყავი სააკაშვილთან. მაგრამ არც მიხეილ სააკაშვილის და არც ედუარდ შევარდნაძის დროს დღის წესრიგში არ დამდგარა ევროპა, თავისუფლება, განვითარება თუ რუსეთი და რუსული ჭაობი.
_ ისე, ცოტა უცნაურია, რომ რუსეთის კაც შევარდნაძეს საქართველო რუსეთისკენ არ წაუყვანია, ყველაფერს აკეთებდა, რომ საქართველო ევროპულ გზაზე გაეყვანა.
_ შევარდნაძე იყო მოსკოვის კაცი. მან კრემლის ინსტრუქტაჟით დაამხო აქ კანონიერი ხელისუფლება და შემდეგ ჩამოვიდა. ზვიად გამსახურდია მოგვიკლა, მაგრამ ბოლოს მაინც ზურგი აქცია რუსეთს და მიგვაბა ევროპას. ზურაბ ჟვანიას ის ცნობილი ფრაზა, მე ვარ ქართველი და მაშასადამე _ ევროპელი, ეს გაისმა შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში.
მიშა სააკაშვილმა სასწაული დანაშაულებები და შეცდომები ჩაიდინა. ამის მიუხედავად, მან საბოლოოდ განსაზღვრა ჩვენი კურსი დასავლეთისკენ. აი, ეს როგორ უნდა დავთმოთ? ამის გამო ვდგავარ რუსთაველზე. 35 წელია, ამისთვის ვიბრძვით. ზვიადისა და მერაბის დამოუკიდებლობის ორიენტირი რა იყო? _ სვლა დასავლეთისკენ. სულ ცოტა გვქონდა დარჩენილი, რომ ევროპულ ოჯახში შევსულიყავით. ამ დროს შემოდის ბიძინა ივანიშვილი და გვაბრუნებს უკან. მან დღის წესრიგში დააყენა არა მხოლოდ საქართველოს ევროპული მომავლის მოსპობა, არამედ დამოუკიდებლობის დაკარგვაც კი.
_ წარმოიდგენდით, რომ ასე დავშორდებოდით ევროპას?
_ ამას ვერაფრით წარმოვიდგენდი. ევროპასთან დაშორებას ვინ ჩივის, დღეს დღის წესრიგში დგას საქართველოს დამოუკიდებლობის ყოფნა-არყოფნის საკითხი. ამიტომ ვდგავარ იმ ხალხთან ერთად რუსთაველზე. ჩემთვის მთავარი საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენაა. იქ ვიდგები, სადამდეც საჭირო იქნება. ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობა გვაქვს გადასარჩენი.
_ ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ოპოზიცია ვერაფერს იზამს და ისევ იმის იმედად არიან, რომ „ოცნებაში“ დაჭამენ ერთმანეთს და თავისით ჩამოიშლებიან. ეს ვერსია შეიძლება განხილული იყოს?
_ რატომაც არა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მთავარია, ქართული საზოგადოება არ დაიღალოს. ახლა დაღლა არ შეიძლება. მე არ ვიცი, რას იზამს ოპოზიცია, არ ვიცი, რა მოხდება „ოცნებაში“. ვიცი, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დაიღალოს.
_ და თუ დაიღალა?
_ თუ ქართველი ხალხი დაიღალა დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში, მაშინ საქართველო საბოლოოდ გაქრება მსოფლიო რუკიდან.
_ ამის ალბათობა არის?
_ მე ამის საშიშროებას ვხედავ. საქართველო თუ დასავლეთს დაშორდა, ის რუსულ ჭაობში აღმოჩნდება და მთლიანად გაქრება მსოფლიო რუკიდან.
_ ხალხის დაღლა შეინიშნება. თვქენ გასული წლის 28 ნოემბრიდან მოყოლებული მათთან ერთად დგახართ აქციებზე და უკეთ იცით განწყობები. ამდენი ხანი გარეთ დგომა ადვილი არ არის.
_ დაღლა არ შეინიშნება. ხალხს აქვს იმის რწმენა, რომ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და მათ ისიც კარგად იციან, რომ ამისთვის ბრძოლა საჭიროა. შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, რომ ბევრი ხალხი არ გამოდის. მე ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. „ოცნებასავით“ არ ვითვლი თავებს. მთავარი არის საერთო განწყობა. ეს განწყობაა, რომ საქართველო უნდა გადარჩეს. ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. დედლაინების დაკიდების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ დედლაინებიც შეიძლება დაკიდო. ოღონდ არ უნდა შეწყდეს ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ახლა ჩვენ რეალურად იმისთვის ვიბრძვით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა შევინარჩუნიოთ და შემდეგ უკვე ევროპაში დავბრუნდეთ. ეს არის ჩემი სათქმელი.
ბევრი საუბარი მიდის იმაზე, თუ რანაირად იქცევიან „ქოცები“. მელიქიშვილზე სასწაული რამეები იკადრეს. მაგრამ ჩვენ რა გვჭირს? დე გოლმა ასი წლის წინ თქვა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ხელისუფლებაში დაბალი განვითარების ადამიანების მოსვლა, რადგან ისინი ეცდებიან, თავიანთ დონემდე დაიყვანონ საზოგადოება.
_ მოხდა ასეთი რამე?
_ ჯერ არა, მაგრამ ამის საშიშროებას ვხედავ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აქამდე არ მივიდეს საქმე. „ქართული ოცნება“ მართალია განვითარების ძალიან დაბალ დონეზეა, მაგრამ მაინც არ მგონია, რომ ქართული საზოგადოება ამ დონემდე დაეშვას. ამის დიდი იმედი მაქვს.
_ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ოპტიმისტურად ხართ განწყობილი?
_ რა თქმა უნდა. ვხედავ ხალხის განწყობას და იმიტომ მაქვს მომავლის იმედი. ახლა უიმედობა და ბრძოლის შეჩერება არ შეიძლება. ახლა საქართველოს დამოუკიდებლობაა გადასარჩენი. ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა გადავარჩინოთ და შემდეგ ვიზრუნოთ, რომ ევროპაში დავბრუნდეთ.