QronikaPlus
ირაკლი კობახიძისთვის არ იქნება ადვილი შემოდგომა - თეონა აქუბარდია

ირაკლი კობახიძისთვის არ იქნება ადვილი შემოდგომა - თეონა აქუბარდია

2025-09-19 06:57:38

ირინა მაკარიძე

 

საქართველოში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია:

 

_ სამასი დღეა, ქართველი ხალხი დგას ქუჩაში და აპროტესტებს დემოკრატიის უკუსვლას, საგარეო ვექტორის შეტრიალებას კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, რომელიც ირაკლი კობახიძემ დეკემბერში დააანონსა. გვახსოვს მისი განცხადება. ამის პარალელურად მიმდინარეობს ავტორიტარიზმის ჩაბეტონება  ქვეყანაში, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტი საკუთარ სამშობლოს უკვე ღიად ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანაში ომის დაწყებაში. ე. წ. პარლამენტის რეზოლუციაში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული კრემლის ნარატივი. კრემლს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევენ იმისთვის, რომ დააზიანოს არაღიარების პოლიტიკა, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობდა ქვეყნის მხრიდან და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, ოკუპირებული რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის არაღიარების კუთხით. მათ შექმნეს შესაძლებლობა კრემლისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი მოთხოვნები დააყენონ ამ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის დე იურედაც გასაფორმებლად. 

ეს არის ბრძოლა არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრს შორის „ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს არის ბრძოლა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ის, რაც ვიხილეთ კალაძის საარჩევნო შტაბის წინ 9 სექტემბერს, როდესაც კალაძის  „ტიტუშკები“ ურტყამდნენ ქალებს და გენიტალიების დემონსტრირებას ახდენდნენ, ვფიქრობ, ეს არის ბოლო გაბრძოლება, რომ თავიანთი მმართველობა საბოლოოდ ჩააბეტონონ და დასავლეთის ქვეყნებიდან იზოლირდნენ, რაც მხოლოდ რუსეთისთვის არის სასარგებლო. ჩვენ უკვე ველოდებით შეფასებას უვიზო მიმოსვლის ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. ბრიუსელმა ღიად თქვა, რომ ის დოკუმენტი, რომელიც მაკა ბოჭორიშვილის „კანტორამ“ გაგზავნა, აბსოლუტურად არაადეკვატურია და არ პასუხობს გამოგზავნილ მოთხოვნებს. ამიტომ ეს იქნება ბოლო აკორდი დასავლეთიდან იზოლაციის გზაზე, რაზედაც პასუხიმგებლობა, ბუნებრივია, ეკისრებათ ივანიშვილსა და მის ხელის ბიჭებსა და გოგოებს. თუმცა, ამავდროულად, ის პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს და ხალხის მზარდი რაოდენობა ქუჩაში, კიდევ უფრო მეტად აჩვენებს, ერთი მხრივ, იმ შესაძლებლობას, რომელიც ქართველ ხალხს აქვს ქვეყნის კონსტიტუციური გადატრიალების საწინააღმდეგოდ, მეორე მხრივ, ის შიდა უთანხმოება და დაპირისპირება „გაგდებულებსა“ და მოქმედებს შორის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს ამ გზაზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის და ყველაფერი კვლავ ხალხის ხელშია. დეკემბრის ბოლომდე გაირკვევა, საბოლოოდ საით წავა ეს პროცესი. ამ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ წინააღმდეგობა ძლიერდება, ასევე ის, რომ არც ერთ დასავლურ ქვეყანას, გარდა უნგრეთისა, არ უცნია ლეგიტიმაცია იმ რეჟიმის, რომელმაც საკუთარ ხალხს გამოუცხადა ბრძოლა. მით უფრო, როცა საერთაშორისო კონტექსტში რადიკალური ცვლილებებია რეგიონის მასშტაბით. ვგულისხმობ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ტრამპის სახელით არის ცნობილი, რაც ნიშნავს რუსეთის გავლენის შეზღუდვას ამ რეგიონში. ეს დამატებითი შესაძლებლობაა საქართველოსთვისაც, რომელიც გეოგრაფიულად სამხრეთ კავკასიას ეკუთვნის და რომელიც მიიჩნეოდა ყოველთვის რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიის გულად. ამ ვითარებაში, როდესაც რუსეთი ეცდება საქართველოს დატოვებით შეიქმნას პლაცდარმი ამ ორ ქვეყანაში დასავლური გავლენების წინააღმდეგ, ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ კიდევ უფრო მძლავრად, რათა დასავლეთის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდოს ქართველი ხალხის მიმართ, რომ დავუბრუნდეთ ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას. რამდენიმე დღის წინ ჰელსინკის კომისიაში გამართულ მოსმენაზეც სწორედ ეს გზავნილები გაჟღერდა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებდა იმას, თუ როგორ გამოუთხარა ძირი შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას ივანიშვილის რეჟიმმა და როგორ ვერ შეძლო მან ვერანაირად ამ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ისინი იმ გზამკვლევს, რომელიც გადმოცემული იყო ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ელჩი დანიგანის მიერ, უგულებელყოფენ და უპირისპირდებიან ტრამპსა და მის ადმინისტრაციასაც და შათირიშვილის პირით ლამის „დიფ სტეიტის“ აგენტს უწოდებენ პრეზიდენტ ტრამპს.

_ როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ აღელვებთ „გაგდებულების“ თემა, მათ „სასაცილოებიც“ უწოდა ირაკლი კობახიძემ. რამდენად წარმოადგენს ეს საფრთხეს რეჟიმისთვის?

_ ყველაზე კარგად ირაკლი კობახიძემ იცის, თუ რა ინფორმაციის მფლობელი შეიძლება იყოს სუს-ის ექსშეფი გრიგოლ ლილუაშვილი ან თუნდაც ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და რა მხარდაჭერა ჰქონდათ მათ „ქართული ოცნების“ მომხრებში და რამდენად დაბალია ამ მხრივ ირაკლი კობახიძის ინდექსი. მისი მესიჯბოქსის ცვლილება და გზავნილების შემსუბუქება „გაგდებულებთან“, ვფიქრობ, განპირობებული უნდა იყოს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რეაქციებით. ის, ფაქტობრივად, ნარკოტრაფიკის მფარველობაში ადანაშაულებს ვახტანგ გომელაურს, შსს-ს ექსშეფს, საუბრობს რა სტატისტიკურ განსხვავებებზე გეკა გელაძისა და გომელაურის დროს გამოვლენილ ნარკოდანაშაულებებზე. აღსანიშნავია ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება კორუფციული ბრალდებებით, რამაც ისინი უნდა გაიყვანოს ღარიბაშვილამდე. ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ წესით ბრძოლა უნდა იყოს დასწრებაზე.

_ ფიქრობთ, რომ ღარიბაშვილს დააკავებენ?

_ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შემდეგ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, რაც მეეჭვება, მინიმუმ, ის ეცდება დაკავების საფრთხის შესაბამისად, გარკვეული ფინანსური რესურსი მიიღოს ღარიბაშვილისგან _ რიჟვაძესთან დაკავშირებული ვითარების გათვალისწინებით, რაც გაურკვეველია, თვითმკვლელობის მცდელობაა, თუ მკვლელობის, რადგან თვითმკვლელობის მცდელობის დამადასტურებელი ჩანაწერებიც არ არსებობს.   

_ მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსად გადაყვანა აძლიერებს თუ არა „ქართული ოცნების“ პოზიციებს და როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

_ ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, სასაცილოა მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსად დანიშვნის სიძლიერედ წარმოჩენა. ერთი, რომ მას წარსულში არანაირი შეხება არ ჰქონია სპეცსამსახურებთან, მეორე, არ ვფიქრობ, რომ მისი თვისებები სპეცსამსახურების შეფის მონაცემების შესაბამისია, მით უფრო, როცა მისი წინამორბედი, ანრი ოხანაშვილი, არასრული 5 თვე გააჩერეს ამ პოსტზე და კაციშვილმა ვერ ახსნა, რატომ გააგდეს იქიდან. მგონია, არც მამუკა მდინარაძე იქნება რაიმე ტიპის ძალის შემძენი, მით უფრო, რომ სპეცსამსახურებში ძალიან კარგად ხედავენ, ისევე როგორც ძალოვან უწყებებში, თუ როგორ იყენებენ დ მერე მოისვრიან ხოლმე მათსავე მეგობარ პოლიტიკოსებს თუ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს.

_ რას იტყვით ბოლო დღეების ხმაურიან დაკავებებზე, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე?

_ მოსალოდნელი იყო, რომ ხაბეიშვილს დააკავებდნენ, რამდენადაც ყველაზე დიდი შიში მათ ახლა ამ 4 ოქტომბრის თარიღთან მიმართებით აქვთ. რაც შეეხება სამართლებრივ საფუძვლებს, რომლითაც ის დააკავეს, არის სრულიად აბსურდული და სასაცილო. ეს დაკავებები ადასტურებს, რომ რეჟიმი პანიკაშია. ვფიქრობ, რამდენადაც ისინი ცდილობენ შიშის დათესვას და რეჟიმის გაძლიერებას, იმდენი საპასუხო რეაქცია მოყვება, ქუჩაში ხალხის რაოდენობა ამის დადასტურებაა. ის ძალა, რომელიც რადიკალიზმს, ზიზღს, დაყოფასა და დაპირისპირებას თესავს ქვეყანაში, ეს არის თავად ივანიშვილის ე. წ. ოცნება, რომელმაც ხაზი გადაუსვა, ზოგადად, ქართველობას, ქართულ ტრადიციებს, ქალის პატივისცემას. მათ ამოატრიალეს სრულიად ის იდენტობა, რაცას ჰქვია _ იყო ქართველი. ამიტომაც ირაკლი კობახიძისთვის არ იქნება ადვილი შემოდგომა, რაც არ უნდა მოიმოქმედოს. დანარჩენს პროცესები გვაჩვენებს. ნამდვილად უმადური იქნება ახლა ანალიტიკა იმ ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ძალიან ბევრი ცვლადია და ბევრი შესაძლებლობა.

_ მელიქიშვილის გამზირი ბუნებრივად მოინიშნა, როგორც პროტესტის ახალი კერა, ეს უკავშირდება, თავის მხრივ, ადგილობრივ არჩევნებს, იქნება თუ არა ეს თვე ამ მხრივ კიდევ უფრო მწვავე, რა მოლოდინი გაქვთ?

_ ვფიქრობ, რომ იქნება, მელიქიშვილის გამზირზე ოფისის წამოჭიმვა კალაძის მხრიდან იყო ის თავხედური განაცხადი, რაზედაც მან, სავარაუდოდ, იფიქრა, რომ ადვილად გაუვიდოდა. ასევე მისი ე. წ. ზონდერ ბრიგადების მხრიდან უხამსი და აგრესიული ქცევა. ისევე როგორც არატრადიციული და არაკაცური ქცევა ქალების მიმართ კიდევ ერთელ აჩვენებს კალაძის სახეს, იმ მერის, რომელიც მილიონერია და რომელიც ამ მილიონებს „ახამებს“ ქართველ ხალხს და რომლის გაკეთებული გზები თუ სხვა  ინფრასტრუქტურული პროექტები მეორე დღესვე ფუჭდება. შესაბამისად, კალაძის შტაბი მელიქიშვილზე და მთელი სურათი, რომელიც მან შექმნა, არის მაჩვენებელი კალაძის იმ სახის, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავარ სახედ არის წარმოჩენილი. შესაბამისად, მელიქიშვილის გამზირი იქნება, სავარაუდოდ, მთელი თვის მანძილზე პროტესტის კერა. ეს სწორედ კალაძის დამსახურებაა და სხვისი არავის.

_ თქვენ როგორ უყურებთ ოპოზიციური პარტიების ნაწილის გადაწყვეტილებას, ამ ვითარებაში მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა?

_ მომხრე ვარ ერთიანი პოზიციის. ამ ვითარებაში, როდესაც რეპრესიული კანონებია მიღებული, როდესაც საარჩევნო პროცესის დამკვირვებელი არ არსებობს და არ არსებობს იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს და არა იმიტომ, რომ „ეუთო-ოდირი“ არ ჩამოვიდა, ვითარებაში, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას ხელოვნურად გუდავენ იმისთვის, რომ ავტორიტარიზმი გაამყარონ, ეს კიდევ უფრო ართულებს დემოკრატიის ნიშანწყლების შენარჩუნებას. მე არ ვარ არც ბოიკოტისტი და არც რადიკალი ბუნებით, მაგრამ ამ ვითარებაში მიმაჩნია, რომ დიდი შესაძლებლობები ასე დაყოფილ პოზიციებს ნამდვილად არ აქვს. იმ ელექტორალურ ავტორიტარიზმში, როგორადაც საქართველოს დემოკრატიის ინდექსი შეფასდა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა, ადგილობრივი არჩევნებით არაფერი წყდება, მთავარი შესაძლებლობა კვლავ ხალხის წინააღმდეგობაშია. იმ დროს, როდესაც მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ეს მოთხოვნა იყოს შესრულებული, არის განსხვავებული ტაქტიკა. ამ მიზნის მისაღწევად არა დაშლილ-დაყოფილად, არა ურთიერთლანძღვის რეჟიმში ყოფნაა, არამედ ერთიანობაა. ეს დაკვეთა უნდა იყოს შესრულებული, მათ შორის, ოპოზიციური სპექტრის მხრიდან, წინააღმდეგ შემთხევვაში, ეს პარტიები გადაიხდიან შესაბამის ფასს და ეს არ იქნება მხოლოდ მათთვის მძიმე.  

_ რას უკავშირდება გახარიას პარტიიდან თქვენი წამოსვლა?

_ ჩემს განცხადებაში იყო ამაზე საუბარი, მე არ მინდა, უფრო მეტ სიღრმეებში წავიდე. არ ვაღიარე პარლამენტი ლეგიტიმურად და არ მიმაჩნია ახლა სწორად პარლამენტში შესვლაზე თუნდაც თეორიულ დონეზე საუბრები. იცით, რომ მე პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და საარჩევნო სიაში უპარტიოდ ვიყავი წარდგენილი, თუმცა, რა თქმა უნდა, ვიყავი გუნდის წევრი და მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა ბრძოლა საერთო მიზნისკენ, მე ვიყავი ჩართული. ამ ვითარებაში ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. უფრო მეტი რესურსი მაქვს, ვიყო გამაერთიანებელი იმ მიზნისკენ, რასაც საქართველოს ევროპული და ერთიანი მომავალი ჰქვია.

გაზიარება